გვერდები





ისტორია


აჭარა საუკუნეების განმავლობაში კოლხეთის (ძვ. დასავლეთ საქართველო) მძლავრი სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელშიც ძირითადად სახლობდა ძველი ქართველური მოდგმის ორი ტომი: ჭანები (ლაზები) და მეგრელები (ეგრისელები). ბერძნულ წყაროებში კოლხეთი მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნიდან. კოლხეთის სამეფოს ეკონომიკის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენდა განვითარებული სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, რკინისა და ოქროს წარმოება, ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან.

ისტორიულ წყაროებში სახელწოდება აჭარა პირველად მოხსენიებულია ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. მას „აჭარის ხევად" ან „აჭარის ხეობად" მოიხსენიებდნენ. აჭარის ტერიტორია დასახლებულია ახალი ქვის ხანიდან. აჭარაში ქრისტიანობა ყველაზე ადრე გავრცელდა და შემდეგ მოიცვა სრულიად საქართველო. ეს მოვლენა ქრისტეს მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება.

შუა საუკუნეებში აჭარის ხეობა ქართული მატერიალისტური კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო. ზემო აჭარაში მრავლადაა ნატაძრალები, ნასაყდრალები, თაღოვანი ხიდები და ციხეები, რომლებიც ძირითადად X-XI საუკუნეებში, ანუ ქართული რენესანსის პერიოდშია აგებული.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.), აჭარის უშუალო მეზობელი ოსმალები გახდნენ, რომლებმაც მიუხედავა დიდი წინააღმდეგობისა, მაინც მოახერხეს აჭარის ტერიტორიის ხელში ჩაგდება. მიუხედავად სამსაუკუნოვანი ბატონობისა, აჭარის რეგიონმა შეინარჩუნა რწმენა, დამწერლობა, ქართული ენა, ტრადიციები, ღვინის კულტურა. აღსაღნიშნავია, რომ ოსმალებისაგან აკრძალული ვაზის კულტურა აჭარელმა ხალხმა ტყეში გახიზნვით, მალულად შეინარჩუნეს. ამაზე მეტყველებს აქ აღმოჩენილი უამრავი ქვევრი. რეგიონი დღესაც ცნობილია ვაზის საუცხოო ჯიშებით - ცოლიკაური, ჩხავერი, იზაბელა, ვაიოს საფერავი და სხვა.

სამხრეთ-საქართველოს (აჭარის) მშობლიურ წიაღში დაბრუნება (1878 წ.) დაემთხვა კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებას, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ამ მხარის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. რეგიონში ყველაზე მსხვილ საქალაქო ცენტრად ბათუმი იქცა, რაც განაპირობა მისმა პირველხარისხოვანმა ნავსადგურმა, რომელზეც მოდიოდა ამიერ-კავკასიის ექსპორტის 2/3. ცნობილი ძმები ნობელების მიერ ბათუმში დაინერგა ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები. ასევე ცნობილი ოჯახის როტშილდებისა და მანთაშევის სახელებთანაა დაკავშირებული რეგიონში ჩაისა და თამბაქოს კულტურების განვითარება. ბათუმი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უამრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

აჭარა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში

აჭარას, როგორც ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა და გერბი.

განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ".

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევა 4 წლით.

უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა - საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - გამგეობა (მერია).

მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოების მიერ ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე კანონის წინაშე.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს სახალხო დამცველის - ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებელია და ზედამხედველობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი ბიუჯეტი, რომელსაც ყოველწლიურად ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

ფოტო გალერეა


ისტორია ისტორია ისტორია ისტორია ისტორია ისტორია ისტორია ისტორია



HOTEL19 - მზე ,ზღვა და კომფორტი